Posts

Showing posts from December, 2018
Image
გაზაფხულის ღამე (ი-ს) ი. გრიშაშვილს არ იძვრის ქარი, ნიავი არ ჰქრის, ბაღი ოცნების ტბაში შთანთქმულა, მთვარის ნათელი ნაზად, ვერცხლებრივ ცისა ტატნობზე გამოსახულა. არ იძვრის ქარი, უცხო სიზმარი დამთვრალ მიდამოს ეალერსება, მხოლოდ ნაღველი, გულის ნაღველი, ისევ დამდაგველ ნაღველად რჩება. ოჰ, რომ შემეძლოს სადმე ვიპოვო შესასვენები ნავსაყუდარი, მეტად მძიმეა ეკლის გვირგვინი, მეტად მძიმეა ჩემი სუდარი. სატრფო, ნუგეში და მეგობრობა მწარე ღიმილით ბურუსში კრთება, ეს ნაღველი კი, გულის ნაღველი, ისევ დამდაგველ ნაღველად რჩება.
Image
გაშლილ წალკოტში .. გაშლილ წალკოტში ნორჩ ყვავილის მოწყვეტა მსურდა, მაგრამ სერაფიმს ბედკრულისთვის ესეც შეშურდა! ყვავილს სინაზით კალთა თვისი მან დააფარა და უშფოთველი, გულწრფელობის ცრემლი დაჰღვარა. მწარე ღიმილით გესლიანი მე მას განვშორდი, და შავს ქვესკნელში განწირულად დავჰქროდი, ვძრწოდი! ოჰ, ვის, ვის ესმის ჩემი კვნესა და ტანჯვა სულის, საუკუნეთა მსვლელობაში გაცივებულის? ადამიანო! ყოფნა შენი კუბოდ იცვლება, მე კი, უბედურს, თვით სიკვდილიც არ მეღირსება! უსიყვარულოდ, უმნიშვნელოდ მიჰქრიან დღენი. ოჰ, ვის, ვის ძალუძს, განიცადოს ტანჯვა ესდენი?!
Image
გურიის მთებს წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე, მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე... წამიყვანე! მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი, როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი. ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი. კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს, წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება, დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება. და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით, ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით. ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა. ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს, ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს. ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში, არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრ...
Image
ახალ წლის ღამეს ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა... იუნონავ, შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა. დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი, და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი. გეძახოდა ჩემი სული, გეძახოდა ჩემი ვნება... მე მომწყურდა შენთან ერთად ახალი წლის მიგებება, ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე და ავანთე ჩემი ბინა, და მომწყინდა მარტოობა, და უშენოდ მომეწყინა. კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა, როგორც გველი. სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი, ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს, და ვუცდიდი განახლებას, და ვეძებდი აღდგომის კვალს. ხომლი მოკვდა, დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი, ცას ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი, შენ არ სჩანდი... დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი, და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი. დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს, ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს... დიდი ხნიდან ბედს მივენდე და იმისი მსხვერპლი ვხდები, და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები. მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ...
Image
ავდრის მოლოდინი წარსულმა ღამემ შენს ფანჯარაში დათოვა თოვლი ია-ზამბახის! შენი ალვა დგას, როგორც დარაჯი, მზეთუნახავი და მკრთალი სახის. სისხლივით ელავს ფოთლები ვაზის, ბროლი, მარჯანი და ნელი რვალი, ხალივით მთვრალი ხაზი შირაზის ალვაში შედის მრავალთ-მრავალი. ნელ ლერწებით და ვაზის მტევნებით მიყვარს ქალწულის დაგვირგვინება. წარსულს ჩვენ აღარ დავედევნებით და არც ცრემლები დაგვედინება. ამ მწიფე მტევნებს დალეწავს ქარი. თუ მწიფობისთვემ შესცვალა დარი - მებაღემ მოსვლა თუ არ ინება! შენ სული გქონდა ისე კეთილი, ოჰ! სერაფიმის ცისფერი სული! ეხლა დაღლილი და დაფლეთილი არის ქსოვილი ფერ-მიღებული. ვის დაიფარავს სუსტი ქსოვილი? ვერც შენ, და ვერც სხვას... ცივია წვიმა! ქსოვილი წვიმის ცვრებით სოველი, წაიღო ქარმა, ქორმა, არწივმა. ფიქრები ქარის ქვითინში კვდება, ფიქრები კვდება ნისლში და ქარში: არ არის არსად ბედნიერება! ფიქრები კვდება ნისლში და ქარში. ეს მწუხარე და მწველი ზუზუნი მიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში! ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი მიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში. ჩამავალი მზის მომაკვდავ ალებს ისვრის ღრუბლები...